მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავრობის მიზანია, მოვუაროთ, შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ქართული კულტურის საგანძური
ეკონომიკის განვითარებაში დამწყები მეწარმეების მიერ ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მოტივირება და ჯანსაღი ამბიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მიზნად ისახავს ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ზოგადად, ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას.
„ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ნაბიჯი არ იყო ბოლომდე ეფექტური, აქედან გამომდინარე, ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით და ახალ მიდგომებს გამოვიყენებთ ამ მიმართულებით. ქართული კულტურა, როგორც ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის ათასწლოვანი მემატიანე, ყოველთვის იყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ჩვენი მთავრობის მიზანია, მოვუაროთ, შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური საგანძური, ვიზრუნოთ ამ კულტურული მემკვიდრეობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. ამავე დროს უზრუნველყოთ, რომ ჩვენი კულტურის ნიმუშების შესახებ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას და ამით საბოლოოდ დავიმკვიდროთ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად კუთვნილი ადგილი უძველეს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.