მამუკა ბახტაძე - ჩვენ მივიღეთ გზავნილი ამომრჩევლებისგან და ეს გზავნილი არის გაანალიზებული
ჩვენ მივიღეთ გზავნილი ამომრჩევლებისგან და ეს გზავნილი არის გაანალიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა კითხვის პასუხად, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით.
რაც შეეხება გამოწვევებს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არაერთხელ აღინიშნა, რომ დაწყებული იყო მუშაობა და გრძელდება რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირება.
„ამ სისტემაში ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაეფექტიანობა, რომელიც აფერხებს იმას, რომ მოკლე ვადაში მივიტანოთ კონკრეტული სიკეთე მოქალაქეებამდე, რასაც ესა თუ ის ინიციატივა გულისხმობს. თუ შეხედავთ სტატისტიკას და ბიუჯეტებს, რომელიც არის გამოყოფილი სოციალური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონულ დონეზე და ასევე, ცენტრალური სისტემის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია, მნიშვნელოვანი თანხებია ამისთვის გამოყოფილი, მაგრამ მთავარია, ეფექტიანობა, ეს კონკრეტული სიკეთეები დროულად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ისედაც იყო გათვალისწინებული და საზოგადოების გზავნილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.