მამუკა ბახტაძე - ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე
გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება მათ შორის, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ამავე დროს, იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აერთიანებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდში კონსულტაციები ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, გუნდში ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები. იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი და დღესაც მოისმინეთ შეფასებები, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგობრების, რომ ჩვენი რეფორმათა პაკეტი ძალიან ამბიციური და შედეგებზე ორიენტირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ თვითონ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა და გიდასტურებთ, რომ დღესაც მიდის. რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე ყოველთვის დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული პროგრესზე და იმაზე, რომ ვიყოთ დარწმუნებული, ყველა ადამიანური რესურსი არის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.