მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა ჩვენი მოტივაციაა
ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოტივაციაა მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა, ფრენკ შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა: „თქვენ ახსენეთ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული რეალური პროგრესი, თუმცა აშკარაა, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებში საუბარია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის შესახებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც კორუფციის საქმეებს იძიებენ, მაგალითად მათ „ფაშიზმის მხარდამჭერებს“ უწოდებენ. რას იტყვით ამ ბრალდებების საპასუხოდ“.
როგორც პრემიერმა აღნიშნული კითხვის პასუხად განაცხადა, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. მიმდინარე რეფორმებში კი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„თუ გადახედავთ ყველაზე სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეიტინგებს, საქართველო ჩვენს რეგიონში ლიდერი ქვეყანა. რა თქმა უნდა, მოტივირებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ასევე, ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაციაა მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა ჩართულია. ჩვენ გავატარეთ ძალიან რთული და ფუნდამენტური რეფორმები. ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვესმის“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველო განაგრძობს წარმატებულ სვლას.
„მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ სვლას და გავიმეორებ, რომ ყველაზე სანდო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ მომზადებული საერთაშორისო რეიტინგები ამის საუკეთესო დადასტურებაა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.