მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად
ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა ამ დღეებში სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებს.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერაა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად.
როგორც იცით, ეთნიკური ნიშნით ძალადობის, არაადამიანური და სასტიკი დანაშაულებების გამო შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო დონეზე უნდა მოეთხოვოთ პასუხი და თქვენი როლი ამ სიმართლის მოპოვებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, სწორედ ეს იყოს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსის აქტიური ძალისხმევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების დღის წესრიგში როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაერო-ში, ეუთო-სა და ევროსაბჭოში.
„მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორმხრივ დიპლომატიაში. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობის გამყარებას როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
დღეს, როგორც არასდროს, ისე მყარია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი დინამიკური თანამშრომლობა და თვისებრივად უფრო მაღალ, სტრატეგიულ დონეზეა აყვანილი ეს ორმხრივი ურთიერთობები. ეს გახლავთ თქვენი, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.
კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი შემართებისთვის, პატრიოტიზმისა და თავდადებული საქმიანობისთვის.გისურვებთ წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ და გარწმუნებთ, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, დავაყენოთ ის ისტორიული შედეგი, რომლისთვისაც მრავალი თაობა ასე გულანთებით იბრძოდა. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.