მამუკა ბახტაძე - Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ რეფორმები წარმატებულად ემსახურება ეკონომიკის განვითარებას
მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი წინსვლა საქართველოს მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
„Doing Business-ში, ეს არის მსოფლიო ბანკის რეიტინგი, რომელიც გახლავთ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი, საქართველო დაწინაურდა და ჩვენ დავიკავეთ მე-6 პოზიცია. ეს გახლავთ მსოფლიო ბანკის მონაცემები. ასეთი წინსვლა ნიშნავს ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას ასეთ მნიშვნელოვან და ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, რეიტინგების ყოველწლიურად გაუმჯობესება და საქართველოს დაწინაურება წინაპირობაა, რომ საქართველო იქცევა უპირობო ლიდერად არა მარტო კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონშიც ეკონომიკის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით.
„საქართველო უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ქვეყანა და ამ მხრივ, ვაპირებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავრობის ხედვაა, რომ საქართველო უახლოეს წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში იყოს.
„დღევანდელი მონაცემიც ამაზე მეტყველებს, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველო კიდევ უფრო მეტად დავაწინაუროთ. ჩვენთვის მთავარია, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტიანი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. საჭიროა, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ლიდერი და ეკონომიკური ცენტრი, სხვანაირად გაგვიჭირდება იმ ეკონომიკური გამოწვევის დამარცხება, რომლის წინაშეც ვართ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებსა და ყველა უწყებას, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული წარმატების მიღწევაში
„მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა კოლეგებს იუსტიციის სამინისტროდან და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მეგობრებს მსოფლიოს ბანკიდან. სწორედ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ ეს უნიკალური წარმატება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ მონაცემებს საქართველო კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
„თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ მალე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ამ ნაბიჯით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოს ბიზნეს და საარბიტრაჟო რეგიონალურ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტს. ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან და უკვე ჩავერთეთ ადამიანური რესურსების განვითარების პროექტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდული რესურსის სწორად გამოყენებისთვის და მოგეხსენებათ, რომ სწორედ განათლების რეფორმა იქნება შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს დღის წესრიგში. დარწუნებული ვარ, ისეთივე წარმატებას მივაღწევთ, როგორ წარმატებაზეც ვსაუბრობთ დღეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევაა, თუმცა ყველაზე მთავარი არის სიღარიბე.
„საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი წარმატებები დაგვეხმარება, საქართველო ეკონომიკურად გავაძლიეროთ, გავხადოთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც წინაპირობა იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.