მამუკა ბახტაძე - ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, ახალ დონეზე გადავიყვანოთ აშშ-საქართველოს ურთიერთობები
ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ახალ დონეზე გადავიყვანოთ აშშ-საქართველოს ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენცია სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა.
„ცალკე მინდა აღვნიშნო იმ ძალიან დიდი წარმატების შესახებ, რაც ბოლო წლებში გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის ეროვნული უშიშორების მდივნის, ჯონ ბოლტონის ვიზიტსაც. ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტები და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში მთავარი მიმართულება იქნება უსაფრთხოება და თავდაცვა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მიიღო წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას უხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გამო.
„წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მინდა, ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს გადავუხადო მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისა და ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით, გაგვეტარებინა ამ უწყებაში. მატისის წერილი ჩვენთვის მიღწეული წარმატების კიდევ ერთ დასტურია. შესაბამისად მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ნატო-ს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.