მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს
ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის ხმა იყოს წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველო სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად. რა თქმა უნდა, განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ამას შესაძლოა მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით, ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამით ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც იქნება იმის საფუძველი, საქართველო გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა და გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთ დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.