მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილის მესიჯი ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს მიზნებისა და ფასეულობების მხარდაჭერას
ბიძინა ივანიშვილის მესიჯი ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ პოზიციაში, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს მიზნებისა და ფასეულობების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა. თუ რომელიმე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მესიჯი სწორედ მათ ეხებოდათ. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რატომ ვუჭერთ მხარს თავისუფალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით ისევე, როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.
„ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია სწორედ ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია, ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება“, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
„ამასთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია ის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ ქართველ ერთან ერთად. ეს გახლავთ საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ ამ ამოცანებიდან, მიზნებიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მესიჯიც ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ პოზიციაში, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს ამ მიზნებისა და ფასეულობების მხარდაჭერას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.