მამუკა ბახტაძე - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა საზოგადოებაში არსებული ვითარება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის აქცენტები სრულებით ასახავს იმ განწყობას, რაც არის საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეებისადმი მიმართვის შეფასებისას აღნიშნა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო კონკრეტული გზავნილები საზოგადოებისგან და ამ გზავნილებს სჭირდება კონკრეტული შედეგების დემონსტრირება.
„ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და სწორად შეაფასა ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს. საზოგადოება სჭირდება სწრაფი შედეგები, საზოგადოება გვეუბნება, რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები. ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ. ჩვენ ეს გზავნილი გავიაზრეთ, ვიცით, რაც არის გასაკეთებელი, როგორ უნდა გავაკეთოთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება ოპერატიულად. ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, თუ რა წინაპირობები უძღოდა გზავნილს, რაც ჩვენ მივიღეთ საზოგადოებისგან. ერთ-ერთი გახლავთ ის, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით, რომ ჩამოგვეყალიბებინა სამართლიანობის განცდა საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში საზოგადოების გზავნილი არის ძალიან ობიექტური და ვფიქრობ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური გამოწვევები, საჭიროა სოციალური პოლიტიკის დაკორექტირება და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.
„გაცილებით მეტი ყურადღება და მეტი პროგრამა არის გასაკეთებელი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. აუცილებლად გვაქვს შესაქმნელი მეტი შესაძლებლობები ჩვენი პედაგოგებისთვის და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდებისთვის. იცით, რომ სწორედ ახალგაზრდული პოლიტიკა არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ბევრ ეკონომიკურ გამოწვევაზე ვისაუბროთ, მაგრამ ამავე დროს მინდა, ყველა დარწმუნდეს, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ვუპასუხოთ გამოწვევებს ადეკვატურად, ისე რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებამ ეს ყველაფერი იგრძნოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა დღეს გაავრცელა.