მამუკა ბახტაძე - ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე ეკომიგრანტები, მათ შორის ზემო აჭარიდან.
„ეს ხალხი უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ, აჭარის მთავრობასთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მათ იმავე ტერიტორიაზე ექნებათ საკუთარი ბინები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.