მამუკა ბახტაძე - ათწლეულების განმავლობაში გაერო-ს მხარდაჭერამ და ჩართულობამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის წარმატებაში
ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში არსებითი მხარდაჭერის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონის ლიდერად, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის მედროშედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2016-2020 წლების სტრატეგიის „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ განხორციელების განხილვისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში გაერო-ს მხარდაჭერამ და ჩართულობამ უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის წარმატებაში.
„2018 წელს ჩვენი ერთობლივი მიღწევები და წარმატებული პროექტები ცხადყოფს პროგრესის სტაბილურ დინამიკას, რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ თქვენს ყოველდღიურ ძალისხმევას. საქართველო დღესაც ერთგულია გაერო-სა და მისი საქმიანობისადმი. გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა. ეს სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებების და ღირებულებების პრიორიტეტებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე მიესალმა გაერო-ს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ორგანიზაცია საქართველოში გაზრდის სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას, რაც დადებითად აისახება საჯარო სექტორის განვითარებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და გენდერულ თანასწორობაზე, წვდომაზე ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტზე და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე.
პრემიერის თქმით, მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კვლავ არსებობს მტკივნეული გამოწვევები, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა 5-6-ჯერ შემცირდა.
მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას მისი წარმატებით იმპლემენტაციის პროცესში. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს წარმომადგენლობას საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ორგანიზაციის საქმიანობას მომავალშიც შეუწყობს ხელს.
„გვწამს, რომ 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად გაღებული ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ყველასთვის უზრუნველვყოფთ უკეთეს მსოფლიოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა 2018 წლის განხორციელებული პროექტები და 2019 წლის პრიორიტეტები წარადგინა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.