მამუკა ბახტაძე - არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს პარლამენტში
არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ იყვნენ წარმოდგენილი ფართოდ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, რომ ფაქტობრივად ზღვარის გარეშე ჩატარდეს შემდეგი არჩევნები, რაც პარლამენტში მეტი პოლიტიკური პარტიის მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.
„პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის ხილვა, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.
„ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად. რა თქმა უნდა, განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ამას შეიძლება მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით, ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამით ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც იქნება იმის საფუძველი, საქართველო გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა და გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთ დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები“, – განახადა მამუკა ბახტაძემ.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.