მამუკა ბახტაძე - არჩევნები დასრულდა და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს, ბევრი საქმეა გასაკეთებელი
არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი, ბევრი გამოწვევაა გადასალახი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დაანონსდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახოს.
„მიუხედავად წინასაარჩევნო ემოციებისა, სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 6.7 პროცენტი, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად და ეს გახლავთ დიდი მონაპოვარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით შეუქცევადი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, შედეგები კიდევ უკეთესი გვექნება და საერთო ძალისხმევით, ჩვენს ხალხთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო მდგრადი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მან ბრიფინგის ბოლოს აღნიშნა, რომ იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების ნუსხაში შეიტანა.
„ეს არის ნათელი დასტური იმისა, თუ ჩვენ ქართველებს და ჩვენ წინაპრებს რა მასშტაბის კონტრიბუცია გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.