საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.
მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.
თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.
სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის 200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.
მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.
მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.