მამუკა ბახტაძე - ახალ წარმადობას ვძენთ ჩვენს რკინიგზას და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების ხედვა ყველაზე ქმედითი გზით გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციას გულისხმობს.
„ამ თვალსაზრისით, მეტად სრულყოფილი მიდგომა გვაქვს, რაც იმავდროულად, დაგვეხმარება გლობალური ვაჭრობის რეალურ პლატფორმად ჩამოყალიბებაში. პარალელურ რეჟიმში, რეგიონის ქვეყნებთან ერთად, ვახორციელებთ რეფორმებსა და ინიციატივებს, რათა უფრო ძლიერი რეგიონული მუხტი შევქმნათ”, – აღნიშნა საქართელოს პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები გააჩნია, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.
„რამდენიმე სხვა შეთანხმება ფორმდება სწორედ ამ დროს, როცა თქვენ წინაშე ვსაუბრობ და ამ ტემპის შენარჩუნება გვაქვს განზრახული. სხვაგვარად ვერც მოხერხდებოდა ასე სწრაფად ცვალებად სამყაროში. ამ მიზნისკენ სავალ გზაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ისეთ ტრადიციულ ინფრასტრუქტურასაც ვავითარებთ, როგორიცაა საგზაო ქსელი და გზატკეცილები. თუმცა, ახალ წარმადობას ვძენთ ჩვენს რკინიგზას და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე თვისებრივად ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებამაც საქართველო დინამიურ ეკონომიკად ქცევას შეუწყო ხელი.
„საქართველო მე-6 ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, მე-16 ადგილზეა „ჰერითიჯ ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით მე-3 ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის რეიტინგში. ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე მაღალია რეგიონში. ამ პოლიტიკით მივაღწიეთ აქამდე არსებულთან ყველაზე მაღალ საექსპორტო მაჩვენებლებს და მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13.2 პროცენტიდან 6.8 პროცენტამდე შეგვემცირებინა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს.
ნურ-სულთანში მიმდინარე „ასტანას ეკონომიკური ფორუმი – 2019″, რომლის მთავარი თემა „შთამაგონებელი ზრდა: ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკებია“, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, ცნობილი ექსპერტები და დარგის ლიდერები მონაწილეობენ. ისინი ორი დღის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, ტენდენციებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.