მამუკა ბახტაძე - „აიდი“ ბარათებით მიმოსვლაზე შეთანხმება საქართველო-უკრაინის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას ხაზს უსვამს
„აიდი“ (ID) ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის პირველი მარტიდან დაიწყება.
„დარწმუნებული ვარ, „აიდი“ ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.