მამუკა ბახტაძე - აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას განაგრძობს
მამუკა ბახტაძე - აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას განაგრძობს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა.

მისი თქმით, ეს აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას მათთვის, ვისზეც კონფლიქტმა გავლენა მოახდინა.

პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებული განცხადებებისას, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით ევროკავშირის როლზე ისაუბრა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო მადლიერება გამოხატა.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით.

ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა“, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, ამ ვითარებაში, ევროკავშირისა და საქართველოს  საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა,  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

პრემიერის თქმით, საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულია და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

„მაშინ, როდესაც მყარად ერთგული ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ და დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს გუშინ ეწვია.