მამუკა ბახტაძე ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს, იეშიმ ელჰან კაილარს (Yesim Elhan-Kayalar) შორის გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები ტრანსპორტის, წყალმომარაგების, ენერგეტიკის სფეროში. ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ადგილობრივი და მეორადი გზების პროექტებზე, რომელთა ნაწილი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა ADB-ის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.
სამინისტროს ცნობით, აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილეს განვითარების პარტნიორს საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.4 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა: სახელმწიფო, კერძო სექტორის და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები.
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ABD-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი და მას პოზიტიური სამომავლო პერსპექტივა აქვს.