მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარით გაზრდა
ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს ყველა მოქალაქის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რასაც შემდგომი განვითარება და განმტკიცება სჭირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება; ასევე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე.
„განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი, კერძოდ დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები და გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა, რის საფუძველზეც გაიზრდება, როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მიერ გაწეული დანახარჯები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ უწევს თავისი განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილის მიმართვა მედიკამენტების შეძენაზე.
„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისთვის. უახლოეს მომავალში ეს ჩვენს ყველა პენსიონერს შეეხება, თუმცა მხოლოდ ესეც არ გახლავთ საკმარისი. მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება და საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწება; გაგრძელდება სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა; დაინერგება ფარმაცევტული წარმოების მაღალი საწარმოო პრაქტიკის და ინსტიტუციის გამოყენება.
ასევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად მთავრობა მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს გააგრძელებს.
„სიღარიბე ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა და ეს საჭიროებს ჩვენი სოციალური პროგრამების მნიშვნელოვან დაკორექტირებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, გააქტიურდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა; გაგრძელდება დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე – ე.წ „სოფლად სახლის” პროექტი.
„გაფართოვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის, დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.