მამუკა ბახტაძე - 2018 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ტემპს დააჩქარებს
2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი, სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას.
მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საქართველოსთვის ახალი, 3-წლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.
„საერთაშორისო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების და შესაბამისად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის 3 ძირითად პრინციპს ითვალისწინებს: მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა საინვესტიციო (კაპიტალური) ხარჯების დასაფინანსებლად, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.