მამუკა არეშიძე - საზოგადოება ფიქრობს, რომ კვლევებით მანიპულაციას აწარმოებენ, საზოგადოებაში ყველაზე მოარული შეკითხვაა, ერთი კაცი მაჩვენეთ, ვინც გამოკითხესო
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, NDI-ისა და IRI-ის ტიპის საჯარო კვლევები ყოველთვის მანიპულაციისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება-ფორმირებისთვის არის საჭირო და მორჩა.
მამუკა არეშიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა განაპირობებს იმას, რომ, წლებია, ქვეყნდება სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლის შედეგებიც დიდწილად აცდენილია იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც არჩევნების შედეგით იდება.
„ობიექტური რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ხელისუფლების შესახებ გამოთქმული აზრიც მანიპულაციისთვის არის. ჩვენ რომ ამის გარჩევა დავიწყოთ, როგორი ტიპის მანიპულაციაზეა ლაპარაკი, ძალიან შორს წავალთ, მაგრამ თუ თქვენ მეკითხებით, მჯერა თუ არა ამ კვლევების, რასაკვირველია, გარკვეული ტენდენცია შეიძლება, იყოს, მაგრამ ციფრების არასოდეს არ მჯერა. მე არ ვარ სოციოლოგი, მაგრამ არაერთხელ ჩავიხედე კვლევების მეთოდოლოგიაში. თან, რაც მთავარია, ვინც ამ კვლევებს აწარმოებს, ვიცი, ვინ არიან. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ, რასაკვირველია, მანიპულაციის საშუალებაა და ეს არც არის კრამოლა, ეს არ არის კრიმინალი. დღეს ასეთი მეთოდოლოგიით მუშაობს სამყარო“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, ეს მანიპულაცია ზოგ შემთხვევაში ეფექტიანია, თუმცა ყველაფერი ცვდება.
„ხომ არ შეიძლება, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე თემაზე იყოს ლაპარაკი?! ჩემთვის აქ ერთ საკითხს აქვს მნიშვნელობა და ეს საკითხი არის ძალიან სერიოზული. მე არ მომწონს საზოგადოებაში ნიჰილიზმის ზრდა, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით იმართება და პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმი იწვევს სახელმწიფოს მშენებლობის შეჩერებას“, – განაცხადა არეშიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ენდობა საზოგადოება ამ ტიპის კვლევებს, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ამგვარი კვლევების მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია და ეს არის ფაქტი.
„ჯერ ერთი, იმდენი უკიჟინეს პოლიტიკოსებმა, რომ საზოგადოებამ ეს მოცემულობა მიიღო და გაისისხლხორცა, რომ ისინი მანიპულაციას აწარმოებენ. ეს რომც არ ეთქვა პოლიტიკურ ელიტას, საზოგადოება მაინც ასე ფიქრობს, რომ ისინი მანიპულაციას აწარმოებენ. ყველაზე მოარული შეკითხვა რა არის საზოგადოებაში? – ერთი კაცი მაჩვენეთ, ვინც გამოკითხესო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა არეშიძემ.
შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სათავისოდ გამოიყენონ NDI-ისა და IRI-ის კვლევების მონაცემები, რომ, მაგალითად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა მაღალია, ელექტორატის გაზრდის მიზნით თუ აქტივობების დაგეგმარებისთვის, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ საჯაროდ ნათქვამი ერთია, რომ მათ არ სჯერათ კვლევის შედეგების, მაგრამ პოლიტიკური აქტივობის პროცესში მხარეები ამ შედეგებს აუცილებლად გამოიყენებენ.
„მიაქციეთ ყურადღება, მთელი პოლიტიკური სპექტრი ამბობს, არ გვჯერაო. თუ არ გჯერა, მაშინ, ბოლოს და ბოლოს, რას ამუშავებ ამ ორგანიზაციებს აქ? ეს ორგანიზაციები ალტრუისტები ხომ არ არიან? ისინი თავიანთი ფულით მუშაობენ, ამას აკეთებენ და პლუს, მათი არავის არ სჯერა, მაგრამ მაინც მუშაობენ. პარადოქსალური სიტუაციაა, კომიზმთან მიახლოებული, მაგრამ, სინამდვილეში, ამ გამოკითხვების შედეგების გამოყენება, რასაკვირველია, ხდება და ამაშიც არაფერია გასაკვირი. პოლიტიკაში ასეთი სვლები მოსულა, რომ იტყვიან. ასე რომ, მე ეს არ მიკვირს“, – განაცხადა არეშიძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ოპოზიციის გაერთიანება 2024 წლის არჩევნებისთვის, რადგან ოპოზიცია აცხადებს, რომ, ჯამურად, მათი პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გაერთიანება თუ უნდა, ეს უნდა იყოს მინუს „ნაციონალური მოძრაობა“.