მამუკა არეშიძე - საქართველოში „მაიდნის“ შემთხვევის არათუ დაშვება, საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკია ამორალური
მამუკა არეშიძე - საქართველოში „მაიდნის“ შემთხვევის არათუ დაშვება, საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკია ამორალური

საქართველოში „მაიდნის“ შემთხვევის არათუ დაშვება, საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკია ამორალური, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამას, პრინციპში, არც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. იმიტომ, რომ თაობაა გაზრდილი, ჯერ კიდევ ჯანზე მყოფი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავდა და გამორიცხულია კიდევ ერთი „მაიდანი“ საქართველოში. რასაკვირველია, საზოგადოება გახლეჩილია და არის ნაწილი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ არის საზოგადოების სერიოზული ნაწილი, რომელიც ფიქრობს ისე, როგორც მე ვამბობ. თან, საზოგადოების ამ ნაწილს აქვს უზარმაზარი გამოცდილება იმ უზარმაზარი ტკივილის, რომელიც საქართველომ გადაიტანა. მე პირადად და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვთვლით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არავითარი „მაიდანი“ არ იყოს შესაბამისი შედეგებით. იმიტომ, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის „მაიდანი“ სხვა ძალების მიერაა მართული. არ ვამბობ ამერიკელებზე და არ ვამბობ ვიღაცაზე. გარე ძალები ყოველთვის იყენებენ ხოლმე სიტუაციას, არაერთხელ გამოუყენებიათ და ასეც იქნება. ამიტომ ჩვენ ამას ყველანაირად შევუშლით ხელს. იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ობიექტურად და დემოკრატიულად, წყალი არ გაუვა“, – განაცხადა არეშეძემ.

ამ განცხადებით მამუკა არეშეძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შეფასებას მისცემს აშშ-ის კონგრესში ჩატარებულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს და პარალელებს უკრაინაში რევოლუციებზე, სადაც ასევე ითქვა, რომ თუ ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაყალბდება, შესაძლოა, კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოხდეს, როგორც ეს უკრაინაში განხორციელდა, ამის პარალელურად კი მსგავსი განცხადებები თბილისშიც კეთდება, როცა, მაგალითად, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს: „კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი, „ქართული ოცნება“ თუ შეეცდება, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი“, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას და რატომ აქვთ ეს სურვილები საქართველოსთან მიმართებით.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ საუბრობს აშშ სანქციებზე და რატომ ირჩევს ურთიერთობის ამ ფორმას სტრატეგიულ პარტნიორთან, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ აშშ-ს ამ რეგიონში თავისი პოლიტიკის გატარების დღის წესრიგი აქვს, ის პატარა ქვეყნებისგან მიჩვეული არ არის ასეთ წინააღმდეგობას და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სანქციებით დაწყებული, დისკრედიტაციით დამთავრებული, ამოქმედდება ყველა მექანიზმი, რათა თავისი პოლიტიკა გაატაროს.

„დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა არ კეთდება მსოფლიო წესრიგის პრინციპებიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ჩამოიშალა. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა კეთდება კონიუნქტურიდან გამომდინარე და თუ საჭიროებამ მოითხოვა, ხვალ სანქციებს სხვას დაუწესებენ და პირიქით, ცაში აიყვანენ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ლიდერებს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე და რა შედეგი დადგება, უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი თუ პარიტეტი მოხდება. აი, აქედან გამომდინარე იქნება ყველაფერი. ამიტომ, არც სანქციებმა უნდა შეგვაშინოს და არც უკიდურესმა გადაწყვეტილებამ. შეიძლება, სავიზო შეზღუდვებზეც გაგრძელდეს საუბარი, მაგრამ ეს უფრო იქნება გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის. რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმები და სანქციები ცუდია, მაგრამ დიდი პოლიტიკისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან თქვეს, შეიძლება, დააწესონ, მაგრამ შეიძლება, მერე მოხსნან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი არის კონიუნქტურა და ამას საზოგადოება გაიგებს, რასაც ვგულისხმობ, ყველაფერი რომ არ ითქვას“, – განაცხადა არეშიძემ.

შეკითხვაზე, რატომ არის ოპოზიციისთვის მიუღებელი ის გარემოება, რომ საქართველოში მსოფლიოში მეორე ეკონომიკის ქვეყანა მასშტაბურ პროექტებს გეგმავს, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ პასუხი მარტივია, რადგან ჩინეთის საქართველოში გააქტიურება არ აწყობს მას, ვინც ქართული ოპოზიციის პოლიტიკურ გემოვნებას ქმნის.

„თუ დავიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რომ ოპოზიციის ნაწილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ეს შორს წაგვიყვანს და არ გვინდა. ავიღოთ კრებსითი დასავლეთი, პირველ რიგში, აშშ, რომლისთვისაც მიუღებელია ჩინეთის აქ აქტიურობა და ამიტომაც იქცევა ოპოზიცია ისე, როგორც იქცევა. რუსეთისთვისაც არ არის მისაღები, რადგან მისთვის ჩინეთისგან ასეთი ტიპის აქტიურობა მომავალში ნიშნავს სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ რუსეთი ხმის ამომღები არ არის, ისე სჭირდება დღეს ჩინეთი. რუსეთს დიდი პრობლემები აქვს შორეულ აღმოსავლეთში, მაგალითად, ტომსკის ოლქში, ბლაგავეშენსკში და ბევრ სხვა ადგილას. სხვათა შორის, ბრიქსთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილება ამ აქტიურობის ერთგვარი საპასუხი ნაბიჯია – თუ შენ აქ გინდა შემოსვლა, მაშინ მე შემოვალ შენთან, დაახლოებით, ასეთი ნაბიჯია, რადგან თურქეთსაც არ მოსწონს ჩინეთისგან ასეთი ტიპის აქტიურობა რეგიონში. თურქეთი, ირანი, რუსეთი და დასავლეთი რეგიონს თავიანთი გავლენის სფეროდ თვლიან და დასავლეთზე როცა ვლაპარაკობ, იქაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა“, – განაცხადა არეშიძემ.