მამუკა არეშიძე - სააკაშვილი იძულებულია, იყოს აქტიური პოლიტიკური ფიგურა და ამის გამო ყველაფერზე მიდის, მას უბრალოდ არ შეუძლია, იყოს ჩრდილში, მეორე პლანზე, მას უყვარს, როცა ჩანს
სააკაშვილს უბრალოდ არ შეუძლია, იყოს ჩრდილში, მეორე პლანზე, არ იყოს აქტიური და არ ჩანდეს, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ხედავს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს მის მიმართ სიტუაცია, თუ ის ისევ იქნება პოლიტიკურად წონადი.
„ყოველ შემთხვევაში, მას ასე ჰგონია. პოლიტიკურად წონადი ვერ იქნება, თუ არ იქნება პარტია და არ მოხდა მხარდამჭერების კონსოლიდაცია, გინდ პარტიულ და გინდ ამომრჩევლის ნაწილში. მოკლედ, ის ლიდერი უნდა იყოს, პოლიტიკური ფიგურა. ობიექტურად რომ შევხედოთ, ის ფიგურა ისედაც არის, მაგრამ იძულებულია, იყოს აქტიური პოლიტიკური ფიგურა და ამის გამო ყველაფერზე მიდის. გარდა ამისა, მე მას პირადად, დიდი ხანია, ვიცნობ, მის ხასიათს და შემიძლია, გითხრათ, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია, იყოს ჩრდილში, მეორე პლანზე, არ იყოს აქტიური და არ ჩანდეს. მას უყვარს, როცა ჩანს“, – განაცხადა არეშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ემიგრანტებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება, სადაც მან თქვა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება, ეს არ მოხდება“, როცა „ნაციონალური მოძრაობის მანიფესტის მეშვიდე პუნქტში წერია: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი“, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რა გზით, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ თემურ ალასანიას ეს განცხადება არის პოპულისტური განცხადება.
„ეს განცხადება არის გათვლილი იმაზე, რომ ადამიანები დააჯერო, თითქოს შენ რაღაც მეტი იცი, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია, მეტი იცი და უნდა დამიჯერო. სხვათა შორის, უნდა დამიჯერო – პოპულიზმის განსაკუთრებული გზავნილია და მუშაობს ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ეფექტურად. გააჩნია, ვინ ამბობს“, – განაცხადა არეშიძემ.
როგორც მამუკა არეშიძემ ასევე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, უბრალო ადამიანები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან თვეების განმავლობაში ითვლებოდა, რომ სააკაშვილს წამლავენ, კლავენ, ის ძალიან დასუსტებულია და ა.შ. უცებ კი გაირკვა, რომ არაფერი ასე არ ყოფილა.
„ამან ძალიან შეაწუხა ეს ხალხი. სხვათა შორის, ისინი შეაწუხა იმ ფაქტმაც, რომ იქ პარალელურად ვიღაც ბავშვს აჩენდა და ა.შ. ასე რომ, ატყუებდნენ და ამ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარეს, ამას ბევრი აღნიშნავს. მათ შორის, როცა ლაპარაკი მიდის ჯანმრთელობის თემაზე, აღნიშნავენ იმასაც, რომ თურმე ამასობაში აქ ვიღაც შთამომავლობას აგრძელებდა და ა.შ.“ – განაცხადა არეშიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შემცირდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები საპარლამენტო არჩევნებზე იმ შემთხვევაში, თუ მელია პარტიიდან წავა ან მას გარიცხავენ, რადგან მისი თანაგუნდელები ზურგს მხარდამჭერთა რაოდენობით იმაგრებენ, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ, რასაკვირველია, მელიას წასვლით პარტია ხმებს დაკარგავს.
„ჯერ ერთი, ხმები გაიყოფა. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების ყულაბაში მთავარი აქტორი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ თუ ახლა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო პარტიის დაშლას, და ყველაფერი აქეთკენ მიდის, რასაკვირველია, პარტია ხმებს დაკარგავს. წარმოიდგინეთ მიხეილ სააკაშვილის ფიგურა, ადამიანის, რომელიც თავის დროზე თავის ნებაზე ატრიალებდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გარშემო ყველაფერს, პლუს, ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს და უცებ ლევან ხაბეიშვილია მისი კონკურენტი. თან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, რაც ხელის შემშლელი გარემოებაა საარჩევნო პროცესში. ის ვერავითარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ვერ იქნება, სიის პირველი ნომერი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორი მასზე ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს და მისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ისევ ამ ხალხის თავმოყრა. მოკლედ, მისი გადაწყვეტილებების დომინანტი. თუ სხვისი გადაწყვეტილებების დომინანტი იქნება, მაშინ ის იქნება უბრალოდ წარმომადგენლობითი ფიგურა, დეკორაცია. მან ეს ძალიან კარგად იცის და შეეცდება, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას. რამდენად გამოუვა, ეს სხვა საკითხია. აი, ეს ყველაფერი, რაც მოვყევი, იწვევს იმ დისონანსს, რაც არის პარტიაში. მერაბიშვილ-კეზერაშვილს აღარ უნდათ მბრძანებელი სააკაშვილი; ფული აქვთ თავისი და ფულით უნდათ, გააკეთონ იგივე. კი ამბობენ, არცერთი ღამე არ გვძინავს, სააკაშვილზე ვფიქრობთო, მაგრამ სინამდვილეში არ ფიქრობენ სააკაშვილზე და ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონ მიაღწიონ შედეგს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.