მამუკა არეშიძე - პრემიერ-მინისტრის შეცვლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შესაძლოა, ეკონომიკის განვითარების ტემპი იყო
პრემიერ-მინისტრის შეცვლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შესაძლოა, ეკონომიკის განვითარების ტემპი და ეკონომიკური მშენებლობის სისტემის შექმნის დეფიციტი იყო, – განაცხადა ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ვერ გადაწყდა და ვერ შეიქმნა საქართველოს ეკონომიკური იდეოლოგია – საითკენ მიდის ქვეყანა, რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, როგორი ეკონომიკური პროფილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და ა.შ. მარტო ტრანზიტზე ვართ მიბმული და მარტო „აბრეშუმის გზაა“, ისიც ძირითადად, სიტყვის მასალად, თუ სხვა რაღაცაც შეგვიძლია?! შეგვიძლია თუ არა, რეგიონს საქართველოს ეკონომიკური სივრცე შევთავაზოთ, რომელიც სხვა მხრივ იქნება მიმზიდველი და ა.შ“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, როგორც ეკონომისტების მსჯელობიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სურვილი ჰქონდათ, მათი განხორციელება არ მოხდა.
„ზოგიერთ შემთხვევაში, ეს არ მოხდა დამხვედრი ხალხის არაპროფესიონალიზმის გამო; ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ზოგმა პროექტის განხორციელებაში თავისი თავი ვერ დაინახა და ა.შ. ვფიქრობ, ზუსტად ამ სიტუაციიდან გამომდინარეა მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი სვლა სახელმწიფო გარანტიებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ინვესტიციებისთვის მომხიბლავს ხდის, რადგან ბევრი ინვესტორი გაწბილებული გავუშვით, საქართველოს ინდუსტრიული განვითარების სურათი ვერ შევქმენით და აქედან გამომდინარე ვერ შევქმენით ეკონომიკური ლოგიკა“, – განაცხადა არეშიძემ.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილი ის პიროვნება იყო, რომელსაც ადამიანის მოხსნა და რეპრესია უჭირს. ამიტომ, შესაძლოა, მისთვის ამ სისტემის მართვა ძალიან რთული იყო.
არეშიძის თქმით, ალბათ, სხვა კომპონენტებიც იყო, რადგან იყო სფეროები და მიმართულებები, ვთქვათ, უსაფრთხოების სისტემები, სადაც აბსოლუტური სტაგნაცია იყო, მაგალითად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლის მიმართულებით.