მამუკა არეშიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ისეთი იგნორირება მოახდინეს, რომ ჩანდა, განხეთქილება უკვე მომხდარი იყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სააკაშვილის ჩამოსვლის ისეთი იგნორირება მოახდინეს, რომ ჩანდა, განხეთქილება უკვე მომხდარი იყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სააკაშვილის ქცევა, ჩამოსვლასთან ერთად, გარკვეულწილად, არის ორიენტირებული ზუსტად იმ შედეგზე, რაც ახლა გვაქვს, ანუ პარტიაში განხეთქილებაზე და პარტიის დასუსტებაზე. ვთქვათ, პარტია არ ელოდებოდა მის ჩამოსვლას, მაგრამ როცა გაიგეს, იმიტაცია მაინც უნდა გაეკეთებინათ იმის, რომ, აი, ჩამოვიდა ლიდერი და ახლა მდგომარეობა შეიცვლება, ფეხზე დავდგეთ, წინ რაღაცისკენ და ა.შ., მაგრამ თვითონ პარტიის წევრებმა ამ ამბის ისეთი იგნორირება მოახდინეს, რომ ჩანდა, განხეთქილება უკვე მომხდარი იყო. ის ძალები, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ, სააკაშვილი ჩამოეყვანათ – როგორც ჩანს, სააკაშვილი მართალს ამბობს – ვიღაცის დავალებით მოქმედებდნენ. რასაკვირველია, მისი ჩამოსვლისას ჩაფიქრებული იყო დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში მოსვლა, ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა“, – განაცხადა არეშიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, – როგორ შეიძლება, გავიგოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება „შპიგელში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მის დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო, რატომ დატოვა სივრცე ინტერპრეტირებისთვის და ჰქონდა თუ არა მას გააზრებული ამის შესახებ ინტერვიუს მიცემისას, – მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, როცა სააკაშვილი ინტერვიუს აძლევდა, ინტერპრეტაციების შესახებ გააზრებული ჰქონდა.
„რასაკვირველია, გააზრებული ჰქონდა და, რასაკვირველია, დედამისის გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ ქართველები არ იგულისხმებაო, ამ გეგმის ნაწილია იმ თვალსაზრისით, რომ საკითხი ღიად არის დატოვებული; ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველები არ იყო ნაგულისხმევი და თქვენ რატომ იღებთ თქვენს თავზე, ესე იგი, კუდი გაქვთ დამწვარიო. დაახლოებით, ასეთი რამეა“, – განაცხადა არეშიძემ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, საზოგადოებამ სწორი ანალიზი განვლილი მოვლენების შეფასებით უნდა გამოიტანოს.
„ამ ტიპის განცხადებები მიმართულია მოსახლეობისადმი, მოქალაქეებისადმი და არა იმ ადამიანებისადმი, ვინც ოდნავ მეტად არიან ჩახედული პოლიტიკაში, კულუარებში თუ ამ ტიპის ურთიერთობების წრეში. გაიხსენეთ ვანო მერაბიშვილის ვიზიტები მინსკში და იქაური შეხვედრები. ასეთი შეხვედრები განა არ უნდა იყოს? როცა რაღაც რთული საკითხებია, კონფიდენციალური შეხვედრა მტერთანაც ხდებოდა, შვეიცარიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს ამერიკელები და ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლები, მაგრამ როდესაც ყველაფერი ერთმანეთს ებმება, საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდი სურათი იკვეთება. მაგალითად, რუსეთისთვის ობიექტების გადაცემა და ბევრი რამ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო მოლაპარაკებული. მე არ ვუსვამ ხაზს, რომ წინასწარ იყო მოლაპარაკებული, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება იქმნება. „ენგურის“ გადაცემის მომენტი გავიხსენოთ. ეს არის სამარცხვინო ლაქა ჩვენს ისტორიაში. „ენგურის“ გადაცემა გადაწყვეტილი იყო. რომ არა აფხაზების წინააღმდეგობა, „ენგური“ დღეს ისეთივე რუსული ენერგოკომპანია იქნებოდა, როგორც არის ზოგიერთი სხვა, აღარ მინდა, დავასახელო“, – განაცხადა არეშიძემ.
მამუკა არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო თუ სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა რუსულთან ისეა გადაჯაჭვული, რომ ამის გარჩევა ძალიან რთულია და გარჩევის პროცესები დღემდე მიდის.