მამუკა არეშიძე - კომპრომისის საშუალებას ვერ ვხედავ და ამის თქმის უფლებას პროცესების განვითარების ლოგიკა მაძლევს
მე კომპრომისის საშუალებას ვერ ვხედავ და ამის თქმის უფლებას პროცესების განვითარების ლოგიკა მაძლევს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმიტომ, რომ ამოცანებია აბსოლუტურად განსხვავებული. აქ ხომ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, არიქა, არჩევნები გაგვიყალბეს და თავიდან ჩავატაროთო?! ეს დღეს პირველად თქვა სამადაშვილმა. ვთვლი, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ამოცანა ნათელი იყო და ეს იყო – თქვენ წადით, ჩვენ უნდა მოვიდეთ, ძალაუფლება გადმოგვაბარეთ. მთელ ამ ვითარებას საზოგადოების ერთი ნაწილი აი, ასეთი ფორმით აღიქვამს, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, ძალაუფლებას არავითარ შემთხვევაში არ გადმოგაბარებთო. აი აქ, მე ვერ ვხედავ კომპრომისის ადგილს“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ახლა ფასილიტაცია-მედიაციის შტურმია და თუ დასავლეთის მხრიდან სიტუაციის შეცვლის კატეგორიული მოთხოვნა იქნა, თორემ ვითარების გამოსწორების პერსპექტივა არ ჩანს.
„იცით, როგორი შთაბეჭდილება მრჩება?! – თუ კატეგორიულად მოსთხოვენ, სიტუაცია შეცვალეთო, თორემ სხვა მხრივ, ვითარების გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავ“, – განაცხადა არეშიძემ.
როგორც არეშიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება მოთხოვნას არ შეცვლის, რადგან რადიკალური ოპოზიციის ამოცანა სხვა რამ არის.
„მელია გარეთ იქნება თუ შიგნით, ამ ჯგუფიდან არავის აინტერესებს. მათთვის მთავარია, ხელისუფლებამ მაქსიმალური დათმოს და ეს მაქსიმალური არის ძალაუფლების გადაბარება“, – განაცხადა არეშიძემ.
როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რთულია იმის პროგნოზირება, ვინ რას დათმობს, რადგან სათავეშივე ძალიან განსხვავებული ამოცანებია.
„ერთი შეხედვით, საოცარია, ამ პატარა ქვეყნის გულისთვის რატომ მოხდა ასეთი სერიოზული ფიგურის ჩამოსვლა, არა მხოლოდ თანამდებობრივად, არამედ მისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ რეგიონს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმ საყრდენს, რომელიც სავარაუდოდ, საქართველო უნდა იყოს დასავლეთის ინტერესებისთვის. ეს არის ერთგვარი პლატფორმა და ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს რეგიონში მიმდინარე პროცესები ბევრად უფრო აღელვებთ, ვიდრე ის, საქართველოს პარლამენტში ვინ შევა და ვინ გარეთ დარჩება. 15 თუ 16 მარტის მოლაპარაკებების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა წინადადება იქნება დასავლეთის მხრიდან. ანუ, ესენი რას იტყვიან კი არა, ის რას იტყვის და საკითხი როგორი ფორმით იქნება დასმული. ამიტომ, იმის პროგნოზირება, ვინ რას დათმობს, ძალიან რთული სათქმელია, რადგან სათავეშივე ძალიან განსხვავებული ამოცანებია“, – განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე რომ წავიდეს და ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, ოპოზიცია ამას არ აღიარებს.
„რატომ გგონიათ, რომ არჩევნები თუ ისევ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ოპოზიცია იტყვის, მე თანახმა ვარო? არ მგონია, რომ ამას იტყვის, რადგან მე მაგალითად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანას სხვანაირად განვსაზღვრავ და ესაა – აუცილებლად მე უნდა მოვიგო“, – განაცხადა არეშიძემ.
ამ განცხადებით მამუკა არეშიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს, გიორგი რუხაძეს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ უპირატესობას გრძნობს და მიაჩნია, რომ ამ არჩევნებს მაინც მოიგებს, სჯობს, არჩევნები დანიშნოს.