მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და  განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში, განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.მ.-მ, რომელიც განაწყენებული იყო მამიდის – ბ.მ.-ს დამოკიდებულებით, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ქალი წაიქცა, ტახტს თავი მიარტყა და გონება დაკარგა. ნ.მ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ბ.მ. სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც გონს მოვიდა. ბრალდებულმა კი,  განზრახ მოკვლის მიზნით მამიდას თავისა და სახის არეში ხის ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2018 წლის 16 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.