მამარდაშვილმა „რეალთან“ შესანიშნავად ითამაშა - „ვალენსია“ სუპერთასის ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა და ფინალში „სამეფო კლუბი“ გავიდა.
ესპანეთის სუპერთასი სხვა მსგავსი გათამაშებებისგან ფორმატით განსხვავდება – მასში ჩემპიონისა და თასის მფლობელის გარდა, ვიცე-ჩემპიონი და თასის ფინალისტი გუნდები მონაწილეობენ. მატჩები საუდის არაბეთის დედაქალაქის, ერ-რიადის მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე იმართება, რომელიც 70 ათას მაყურებელს იტევს.
ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. ქარიმ ბენზემას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავად ფრანგმა ბომბარდირმა უნაკლოდ შეასრულა – მამარდაშვილი მარჯვენა კუთხეში გადახტა, ბურთი კი მისგან მარცხენა მხარეს შეგორდა.
„ვალენსიამ“ მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე სამუელ ლინოს დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1.
გიორგი მამარდაშვილს ძირითად დროში ბევრი საქმე არ ჰქონია. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებული დროიდან შესანიშნავი თამაში აჩვენა. 90+4-ე წუთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა – ქართველ მეკარესთან პირისპირ ვინისიუს ჟუნიორი დარჩა, მაგრამ გიორგი ფეხებში ჩაუხტა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ორ წუთში ფედერიკო ვალვერ
დეს დარტყმა მოიგერია და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
დამატებით დროში მამარდაშვილმა მაღალი კლასი რამდენჯერმე კიდევ გამოავლინა. ჯერ ვინისიუსის კიდევ ერთ ძალიან სახიფათო დარტყმას გადაეღობა. 105-ე წუთზე ტონი კროოსის უძლიერესი გასროლა მოიგერია. 118-ე წუთზე კი მარკო ასენსიოს შესრულებულ საჯარიმოს იოლად გადაეფარა. ამ პერიოდში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მეკარე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან „ვალენსიაში“ ყველაზე მაღალი შეფასება – 7.7 დაიმსახურა.
საფეხბურთო ლატარეა „რეალმა“ 4:3 მოიგო და ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა – 15 იანვარს მადრიდელები „ბეტისი“-„ბარსელონას“ (ნახევარფინალს 12 იანვარს ითამაშებენ) წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან.