მამაკაცი, რომელიც სოფელ ნუკრიანში აშშ-ის მოქალაქის ოჯახს თავს დაესხა, დაკავებულია
მამაკაცი, რომელიც სოფელ ნუკრიანში აშშ-ის მოქალაქის ოჯახს თავს დაესხა, დაკავებულია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მამაკაცი, რომელიც აშშ-ის მოქალაქის ოჯახს თავს დაესხა, დაკავებულია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მკვლელობისთვის ნასამართლევი 38 წლის მამაკაცი სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეს და მის მეუღლეს სახლში ნაჯახით მას შემდეგ მიუვარდა, რაც ცოლ-ქმარმა მათი კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის უფასოდ წაღების უფლება არ მისცა. მამაკაცმა ოჯახის  ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა და ცოლ-ქმარს მოკვლით დაემუქრა.

პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

დაზარალებული ოჯახი დღეს აცხადებდა, რომ თავს დაუცველად გრძნობდნენ და დამნაშავის დაკავებას ითხოვდნენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამერიკის მოქალაქის ოჯახის მეორე მოთხოვნა, რომელიც გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ეხება, შესაძლოა, გამოძიების მასალების მოპოვების შემდეგ დაკმაყოფილდეს. გამოძიება ამ ეტაპზე სსსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.