მამა ნოე გუგუციძე - საშინელებაა იმის მოსმენა, რომ შესაძლოა, სკოლაში საპოლიციო რეჟიმი გაძლიერდეს
დედის უპირველესი მოვალეობა შვილის გაზრდაა, – ამის შესახებ საპატრიარქოს განათლების ცენტრის თანამშრომელმა, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის მოძღვარმა, მამა ნოე გუგუციძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისი იქნება სკოლაში ე.წ. საპოლიციო კონტროლი და ღონისძიებები იმისთვის, რათა მოსწავლეებს შორის ძალადობის პრევენცია მოხდეს, მამა ნოე გუგუციძემ აღნიშნა სკოლაში საპოლიციო რეჟიმის გაძლიერებას შესაძლოა, უკურეაქცია მოჰყვეს.
„საშინელებაა იმის მოსმენა, რომ შესაძლოა, სკოლაში საპოლიციო რეჟიმი გაძლიერდეს. რაღაც გარკვეული დაცვა უნდა იყოს, მაგრამ მგონია, რომ სკოლაში პოლიციის შესვლას უკურეაქცია ექნება. მე წარმოვადგენ სკოლას, სადაც მანდატური არ არის. პედაგოგები ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მანდატურებიც, მასწავლებლებიც და მშობლებიც“, – განაცხადა მამა ნოე გუგუციძემ.
მისივე თქმით, დედის უპირველესი მოვალეობა შვილის გაზრდაა.
„შესაძლოა, კონსერვატორად ჩამთვალონ, მაგრამ უკან არ დავიხევ და ვიტყვი, რომ დედის უპირველესი მოვალეობა შვილის გაზრდაა. რამდენიმე წლის წინ, პარლამენტს არაოფიციალურად დაავალეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქალთა გარკვეული რაოდენობა განსაზღვრულიყო. ამან ჩემში, როგორც ამომრჩეველში, აღელვება გამოიწვია, რადგან ამომრჩეველი მე ვარ და პარლამენტში ის უნდა მოხვდეს, ვისაც ავირჩევ – მამაკაცი იქნება ის თუ ქალი“, – განაცხადა ნოე გუგუციძემ.