მიქაელ ბოტკოველი - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაში დახმარების მიზნით, რუსეთის პატრიარქისადმი ხელმეორედ მიმართვა არ იგეგმება
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაში დახმარების მიზნით, რუსეთის პატრიარქისადმი ხელმეორედ მიმართვა არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პრესმდივნმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოშიც არ აქვთ ინფორმაცია გადმოსვენების ზუსტ დროზე და ელოდებიან კონკრეტულ ვადებს.
„სამწუხაროდ მხოლოდ პირველადი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსეთის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რათა დაგვხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ და ყოველწუთიერად ველოდებით შეგვატყობინონ დრო, როდის მოხდება ტატუნაშვილის გადმოსვენება”, – განაცხადა პატრიარქის პრესმდივანმა.
მამა მიქაელ ბოტკოველი ვარაუდობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მოხდეს.
კითხვაზე, თუ არსებობს რაიმე სათადარიგო გეგმა, რა ნაბიჯებს გადადგამს საპატრიარქო, პატრიარქის პრესმდივანი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაში დახმარების მიზნით, რუსეთის პატრიარქისადმი ხელმეორედ მიმართვა არ იგეგმება.
„დამეთანხმებით, რომ ხელმეორედ ასეთი თხოვნით მიმართვა არ გაკეთდება. ასეთი მაღალი დონის საქართველოს ეკლესიის მეთაური დაუკავშირდეს რუსეთის ეკლესიის მეთაურს განმეორებით, აღარ მოხდება. უნდა ჩავთვალოთ, რომ ან ვერ მოხდა რეაგირება ამ საკითხზე, ან რუსეთის საპატრიარქოს არ აქვს სათანადო ბერკეტები, რათა აღმოგვიჩინოს დახმარება”, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.