მამა ალექსანდრე გალდავა - შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის, არ ვთვლით წინასწარმეტყველად, მაგრამ მუსულმანებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს
შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის, არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას ან მუსულმანებს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ამის უფლება არ გვაქვს, – ამის შესახებ მამა ალექსანდრე გალდავამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც „რელიგიათაშორისი დიალოგი ქალთა მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების პრევენციის თემაზე“ შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რელიგიური გრძნობების საკითხს ეხება, საპატრიარქოში ჯერ არ შესულა და მის მხარდაჭერაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ეს გზა გვაქვს არჩეული, შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ჩვენ თუ გვინდა ეს გზა, უნდა ვიყოთ ევროპელები, თუ არა და მაშინ შეგვიძლია ყველაფრის კეთება. მეუფე სპირიდონის განცხადება არ მომისმენია, ეს ინციატივა უცნობია, ტექსტსაც არ იცნობს საპატრიარქო, ამაზე რეაგირებისა და მხარდაჭერის საკითხი ამიტომ არ დგას. შეიძლება არსებობდეს რელიგიურ თემებზე კამათი, შეურაცხყოფა სხვა არის. თვითგამოხატვა რელიგიისა და თავისი სწავლების გამოხატვა ყველას შეუძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის, არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას ან მუსულმანებს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ამის უფლება არ გვაქვს, ისევე, როგორც მუსულმანებს არ წამთ ქრისტესი, როგორც განკაცებული ღმერთის და ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფას დაიწყებენ, ეს იქნება ჩვენთვის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა მამა ალექსანდრემ.
მეუფე სპირიდონის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად არ უნდა ჩაითვალოს ის განცხადებები, რომელსაც მღვდელი ქადაგებისას გააკეთებს.
ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.