მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი - მამაჩემის ხმა ვიცანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩანაწერი ნამდვილია
მამაჩემის ხმა ვიცანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩანაწერი ნამდვილია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა, ნატა მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.
ნატა მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ჩანაწერი ფაბრიკაციაა.
„სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი არის ტყუილი. შესაძლოა ეს იყოს გაყალბებული. შესაძლოა მათ ტექნიკურად მიემსგავსებინათ მამაჩემის ხმისთვის.
ბიძაშვილის ხმა არ ისმის და ჩანაწერს დიალოგის სახე არ აქვს. თანაც რაში დასჭირდებოდა მამაჩემს მორის მაჩალიკაშვილთან დარეკვა, როდესაც ისინი სულ ერთად არიან.
ერთი წელია, ჩემი ძმის საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დამნაშავეები ვერ დაუკავებიათ. ამ ერთი წლის განმავლობაში ისინი დაკავებული არიან, თუ რა დააბრალონ მამაჩემს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რათა მისი დაკავება შეძლონ“, – განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.