ყველა ერთად დავამხობთ ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
„ამ ხელისუფლებაში იყო შეუძლებელი ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ჩვენი შვილების დახვრეტების. ჩვენ ყველა ერთად ვართ, პარტიები, ხალხი სტუდენტები, ბერი, ერი – ყველა ერთად დავამხობთ ხელისუფლებას“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #არმომკლა კონსულტაციების გამართვის დროს, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ, ზვიად კუპრავამ პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გადაინაცვლა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა. ედპ-ს ოფისში მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ ლიდერები, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.