საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, მაჩალიკაშვილის უწყებაში დაბარება ადვოკატებთან კომუნიკაციის შედეგად მოხდა.
ამასთან, ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ახლობელი ასლან მარგოშვილი. მისი დაკითხვა ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას დღეს განაცხადა: „სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდი, რომ მცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში მადანაშაულებდა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.