მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დაკავებას არ ელოდება.
“დაკავებას არ ველოდები, რადგან მე არაფერი ჩამიდენია, არანაირი მცდელობა არ მქონია. დასაკავებელი მაგათ ბევრი ადამიანი უზით იქ, რომლებიც დამნაშავეები არიან მთელი ქისტების წინაშე, სისხლით აქვთ ხელები გასვრილი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა მისი ძმისშვილი სოფელ მაჩხაანში, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ არ იმყოფებოდა.
„არ იმყოფებოდა. თუ იცოდნენ, ჩასულიყვნენ და ფაქტზე დაეკავებინათ . ეს არის ჩემს წინააღმდეგ ანგარიშსწორება და მცდელობა იმისა, რომ გაანადგურონ თემირლანის სამართალი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვიმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე სოსო გოგაშვილის მიმართ, ტერაქტის მომზადების საქმესთან დაკავშირებით იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის. საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი.