საკონსტიტუციო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და კიდევ ორი პირის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. სამსონ თამარიანთან და მერაბ მიქელაძესთან ერთად შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლის მიხედვით დაზარალებული ან დაინტერესებული პირი სასამართლოში ვერ ასაჩივრებს პროკურორის დადგენილებას, რომლითაც მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პროკურატურა შეწყვეტს გამოძიებას, ან უარს იტყვის გამოძიების დაწყებაზე. პროკურორის ეს გადაწყვეტილებები შეიძლება მხოლოდ პროკურატურის უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრდეს და არა სასამართლოში.
ასევე არ საჩივრდება ის შემთხვევებიც, როცა დაზარალებულისათვის საქმის მასალების გაცნობაზე პროკურორი უარს ამბობს.
მოსარჩელის მხარის ინტერესების დამცველ თამარ სამხარაძეს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც დაზარალებულის სტატუსის მოპოვება მოქმედი რეგულაციების მიზეზით ვერ შეძლო.
„აღნიშნული წესი შეუძლებელს ხდის სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დაცვას და ამდენად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას“, – ნათქვამია სარჩელში.
პარლამენტის წარმომადგენელს განსხვავებული მოსაზრება აქვს.
„სადავო ნორმა არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ ყოველივეს განაპირობებს ის სტატისტიკური მონაცემები და ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც არსებობს და რომლითაც დასტურდება, რომ არსებობს ნამდვილად საჯარო, ლეგიტიმური მიზანი, რომ არ გადაიტვირთოს სასამართლო. პარლამენტმა გონივრული ბალანსი შეარჩია და ჩამოაყალიბა ეს ნორმები“, – აცხადებს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა.
საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.