მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კბილებით უჭირავს, რადგან იციან, ეს არის საუკუნის დანაშაული, რომელსაც არ ვაპატიებ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კბილებით უჭირავს, რადგან იციან, ეს არის საუკუნის დანაშაული, რომელსაც არ ვაპატიებ

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პანკისის სპეცოპერაცია მიზანმიმართულად ჩატარდა და ის ხეობის პროვოკაციაზე წამოგებას ემსახურებოდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაცია იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ მიზანმიმართული, მთელი ხეობის პროვოკაციაზე წამოგების ამბავი, რაც დღევანდელმა უსუსურმა, არარაობა ხელისუფლებამ და სისტემამ ვერ გათვალა“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია.

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. იმიტომ გადარეკეს, სასწრაფო მისულიყო ომალოში და არა დუისში, რათა მოეგოთ დრო, რომ მიეტანათ ხელყუმბარა. ხელყუმბარა პირველად ვნახე მე, როცა სამ საათიანი ტყვეობის შემდეგ ამიყვანეს მეორე სართულზე, სადაც მოკლეს თემირლანი. რატომ არ საუბრობენ სისხლიან ლოგინზე, ტელეფონზე, ყურსასმენებზე? იმიტომ, რომ ყველაზე ხელჩასაჭიდი ამბავი ეს არის. თემირლანს ყურსასმენები ეკეთა, ამ შემთხვევაში ის ვერანაირად გაიგებდა სპეცრაზმელების შესვლას. ამიტომ არის დამალული და მიწაში ჩაფლული. დღეს ეს საქმე ხელისუფლებას, ამ ბოროტ, სისხლიან სისტემას კბილებით უჭირავს, რადგან კარგად იციან, ეს არის საუკუნის დანაშაული, ამას არ ვაპატიებ, ხალხი არ აპატიებს“ , – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის  განმარტებით, ხელყუმბარას სისხლის კვალი არ ჰქონდა, რაც კითხვეს აჩენს.

„დავსვი შეკითხვა, თუ ეს ყველაფერი სისხლში არის ამოსვრილი, ხელყუმბარას, რომელიც ეჭირა თემირლანს ხელში, რატომ არ ამჩნევია ერთი წვეთი  სისხლი…თემირლანი დაჭრილი არ არის, მოკლულია ადგილზე, წამში დახვრეტილია. იარაღი გამოყენებულია „ზიგზაუერი მ16“,  მსხვილ კალიბრიანი სახეთქი თავში, რომელიც ნადირზეა აკრძალული. ამიტომ მოხდა საავადმყოფოში ოპერაციის ჩატარება და თავიდან „ასკოლკების“ ამოწმენდა, რომ არ დადგენილიყო, რა სახის იარაღითაა მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა“, -აღნიშნა მალზახ მაჩალიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ განცხადება, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილმა დაჭრის შემდეგ ხელყუმბარის გახსნა სცადა, არალოგიკურია.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.