მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩანაწერის გამოქვეყნებით სუს-მა ისევ დიდი შეცდომა დაუშვა
არც ვიცოდი, ხვალ დასვენების დღე ყოფილა. ზეგ ჩემს ადვოკატს 12:00 საათზე აქვს პროცესი და როგორც კი ის გათავისუფლდება, მივალ დაკითხვაზე ჩემს იურისტებთან ერთად, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ მიზეზებზე საუბრისას განუცხადა, რატომ არ მიდის ხვალ სუს-ში.
მაჩალიკაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს.
„ამათ ხელში ყველაფერი შეიძლება. არ გამორიცხავ, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი განადგურების მცდელობის ძალიან ბევრი ფაქტი იყო. ამ ხელისუფლებას ძალიან ვუშლი ხელს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან კანონის გათვალისწინებული ქმედებების გარდა, სხვა მხრივ ზიანი არავის მიადგება.
„ჩემი მხრიდან კანონის ჩარჩოების გარდა, არავის არაფერი მოუვა. ბოლომდე ვიბრძოლებ თემირლანის სულისთვის, ყველა ახალგაზრდის დასაცავად და აღვადგენ ამ სამართალს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და აქვე განმარტება გააკეთა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც.
„იმ ჩანაწერზე მეტად მძიმე რაღაცები მილაპარაკია. ჩანაწერი ამ სიტყვებიდან შეკრებილია. ეს ჩემი ფიქრებია, როცა გავმწარდები მაშინ ვიძახი. მაგაზე უარესები მითქვამს. ეს არ ნიშნავს, რომ წავედი სადმე და რაღაც დავაშავე. ნუ ცდილობთ ხალხის მხრიდან ჩემი თანადგომის დაკარგვას. ამის გამო ხდება ყველაფერი. აქ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისევ დიდი შეცდომა დაუშვა. პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ სუს-ი შეცდომაზე შეცდომას უშვებს. ესეც იყო დიდი შეცდომა, რადგან ხალხისგან გუშინ და დღეს ისეთი თანადგომა ვიგრძენი, მე თვითონ დავრჩი გაოცებული”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.