მალხაზ მაჩალიკაშილი - ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები
ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან განაცხადა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მის სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა პოლიციის თანამშრომლები შენობაში არ უშვებენ.
„თუ მექნება უფლება, დავსვამ კითხვას, თუ არა – მოვუსმენ. მე მინდა, რომ დავესწრო სხდომას და ყველა ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, იმის გამო, რომ ამ ადამიანებს რცხვენიათ ჩემს თვალებში შემოხედვა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
პარლამენტის შესასვლელთან იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.
მისი განცხადებით, საშვი დაშვებულია კანონის გათვალისწინებით.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო საკანონდებლო ორგანოში, კანონი აღარ კანონობს ჩვენს ქვეყანაში. შალვა თადუმაძეს ამ ადამიანისთვის თვალებში ჩახედვის ეშინია. მე უკვე მივმართე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც სამარცხვინო პასუხი გამცა და აღნიშნა, რომ ეს მას არ ეხება, მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით, რომ პარლამენტში შესვლის უფლება მისცეს მაჩალიკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.