მალდივის რესპუბლიკაში უსაფრთხოების ძალებმა ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს
მალდივის რესპუბლიკაში უსაფრთხოების ძალებმა ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს

მალდივის რესპუბლიკაში უსაფრთხოების ძალებმა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს და ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

მალეში, პარლამენტთან უსაფრთხოების ძალების მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ პარლამენტის სამდივნოს წარუდგინა პეტიცია რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ოპოზიცია ქვეყნის მთავარ პროკურორს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.

მალდივის რესპუბლიკის პარლამენტი 85 დეპუტატისგან შედგება. ცოტა ხნის წინა უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის 12 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები აღუდგინა, თუმცა გენერალურმა პროკურორმა დადგენილების შესრულებაზე უარი განაცხადა. ოპოზიციონერი კანონმდებლების პარლამენტში დაბრუნებით ოპოზიცია უმრავლესობას დაიბრუნებს. ამის გამო გენერალურმა პროკურორმა მუჰამედ ანილმა უზენაესი სასამართლო პრეზიდენტ აბდულა იამინის იმპიჩმენტის მცდელობაში დაადანაშაულა. ტელემიმართვაში გენერალურმა პროკურორმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

თავის მხრივ, შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ მუჰამედ ანილის რჩევას გაითვალისწინებს და არ დაუშვებს, რომ რესპუბლიკა ქაოსმა მოიცვას.

დაკავებული ორი დეპუტატი აბდულა სინანი და ილჰამ აჰმედი იმ 12 დეპუტატთაგანია, რომლებსაც უზენაესმა სასამართლომ მანდატი აღუდგინა.

ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ ნაშიდს ბრალდებები მოუხსნა, რამაც მას ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ნაშიდს 2012 წელს სისხლის სამართლის მოსამართლის თავმჯდომარის უკანონო დაპატიმრებაში ედებოდა ბრალი.