მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მალალი იუსუფზაი მშობლიურ პაკისტანში დაბრუნების შემდეგ ამბობს, რომ იგი ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა.
„აქაურობა ძალიან მომნატრებია. მომენატრა ჩემი თითოეული მეგობარი, ჩემი სახლი. ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, ჩემი რელიგიით. სწორედ ისლამმა მასწავლა მშვიდობა და სიყვარული, განათლების ფასი. წინასწარმეტყველი მუჰამედის ცოლი განათლებული ქალი იყო, რომელიც სხვა ქალებს წერა-კითხვას ასწავლიდა. ამიტომაც ვირჩევ აიშას გზას და ვამბობ, რომ პაკისტანში ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს განათლების უფლება. მე ვაგრძელებ მათი უფლებებისთვის ბრძოლას“ – აღნიშნა მალალა იუსუფზაიმ ინტერვიუში.
პაკისტანელი ბლოგერი მალალა იუზუფზაი, რომელმაც გოგონების განათლებისთვის ბრძოლა საკუთარ სკოლაში 11 წლიდან დაიწყო, 2012 წელს თალიბანის წევრმა სასიკვდილოდ დაჭრა. მაშინ მალალა 15 წლის იყო. იგი პეშავარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
მძიმე ჭრილობებისა და ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. მალალა იუსუფზაი ბრიტანეთიდან პაკისტანში სამი დღის წინ დაბრუნდა.
„ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, როგორც ახლა, პაკისტანში დაბრუნებისას“ – თქვა მალალა იუსუფზაიმ Reuters-თან ინტერვიუში.