მალაიზიის არჩევნებში ოპოზიციამ დაამარცხა პარტია, რომელიც ქვეყანას 60-ზე მეტი წლის განმავლობაში მართავდა
მალაიზიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაჰათირ მოჰამადმა არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მალაიზიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მაჰათირ მოჰამადის ოპოზიციურმა გაერთიანებამ საკანონმდებლო ორგანოში 222-დან 115 ადგილი მოიპოვა, მთავრობის ფორმირებისთვის კი სულ მცირე 112 ადგილი იყო საჭირო.
92 წლის მოჰამადმა დაამარცხა მმართველი პარტია „ეროვნული ფრონტი“, რომელიც ქვეყნის სათავეში 60-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო.
„ჩვენ შურისძიებისთვის არ მოვდივართ, ჩვენ გვსურს სამართლიანობის აღდგენა“, – განაცხადა მოჰამადმა.
„ეროვნული ფრონტის“ წევრი იყო თავად მოჰამადიც, თუმცა კოალიცია 2016 წელს დატოვა.
წყარო: BBC