„ევროლიგის“ მიმდინარე გათამაშებაზე „უნიკახამ“ მეათე თამაში წააგო. გიორგი შერმადინის გუნდი მე-17 ტურის შეხვედრაში სტუმრად „ჟალგირისს“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე დათმო მატჩი. სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ რვა ქულით ლიდერობდნენ. ბოლო მეოთხედში „ჟალგირისის“ კალათბურთელებმა მოიპოვეს უპირატესობა და დასკვნით 2 წუთს ლიდერის რანგში შეხვდნენ. უკანასკნელ წამებზე კი, ბევრი ტაქტიკური ფოლი დაფიქსირდა. საბოლოოდ, კაუნასელებმა დრამატრული შეხვედრა ანგარიშით 79-77 მოიგეს. რაც შეეხება შერმადინს, ქართველ კალათბურთელს მალაგელთა მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში არ დააწყებინა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა, საერთო ჯამში მოედანზე 17:23 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში, 8 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
სარგებლიანობის მხრივ, შერმადინი თავის გუნდში მხოლოდ ჯეიმს აუგუსტინს ჩამორჩა, რომლის მონაგარმაც 12 ქულა და 9 მოხსნა შეადგინა. ლიტვურ კლუბში საუკეთესო კევინ პანგოსი გახლდათ 16 ქულით. „უნიკახა“ ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება. ჟოან პლაზას გუნდი, მომდევნო ტურში, მილანის „ოლიმპიას“ სტუმრად შეხვდება.