საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი აშშ-ის მოკავშირეა და არა ვასალი. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის კრიტიკულ განცხადებაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც აშშ-ის ლიდერმა Twitter-ით გაავრცელა.
ტრამპმა თქვა, რომ საფრანგეთი ორ მსოფლიო ომში გერმანიასთან თითქმის დამარცხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა ფრანგული ღვინის ინდუსტრია და ხაზი გაუსვა მაკრონის დაბალ რეიტინგს.
საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და ვაშინგტონი მოკავშირეები არიან და ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოეკიდონ.
„ვფიქრობ, ტრამპის ეს განცხადებები აშშ-ის შიდა პოლიტიკური თამაშის ნაწილია. მე მას პოლიტიკური თამაშის უფლება მივეცი“, – განაცხადა მაკრონმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს საფრანგეთის ლიდერი ევროკავშირის არმიაზე – იდეაზე, რომელიც ტრამპმა გააკრიტიკა, მაკრონი პასუხობს, რომ პარიზი ვაშინგტონს ყველაფერში ვერ დაეთანხმება.
„აშშ-ი საფრანგეთის ისტორიული მოკავშირეა და ეს ასე გაგრძელდება. ვაშინგტონი არის მოკავშირე, რომელთან ერთადაც საფრანგეთი სარისკო ოპერაციებში მონაწილეობს, მაგრამ მოკავშირე არ ნიშნავს ვასალ სახელმწიფოს“, – განაცხადა მაკრონმა.