„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში - „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.
დოკუმენტის მიხედვით, „პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“.
დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნების შემდგომ პერიოდში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა „ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად, დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელ ფაქტორად“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.
დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.