მახინჯაურში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვენ
მახინჯაურში ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვენ.
დღეს მათ აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ოთხსართულიანი კორპუსიდან, ისინი შეიძლება გამოასახლონ, რადგან მიიღეს ინფორმაცია შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს თავად თავდაცვის სამინისტრომ მისცა, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები კი პერიოდულად შენობის დაცლას სთხოვენ.
„აქ ვცხოვრობ 2009 წლიდან და სულ გამოსახლებას ველოდები. ვითხოვთ ფართების დაკანონებას. პერიოდულად მოდიან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გვთხოვენ შენობის დაცლას. ჩვენ თვითნებურად არ შემოვსულვართ. შენობაში შესახლების უფლება 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ მოგვცა, იმ პირობით, რომ ძველ შენობას თავად მოვაწესრიგებდით. სესხითა და სხვა საშუალებებით გავარემონტეთ ბინები. მზად ვართ, ტერიტორია იმ შემთხვევაში დავთმოთ, თუ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრებელს შემოგვთავაზებს ოღონდ ბათუმის ტერიტორიაზე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, როინ ბერიძემ.
შენობაში აქციის მონაწილეთა განცხადებით, 42 ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ცხოვრობს.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოსახლება საერთოდ არ განიხილება.
„იმ ყოფილ ან მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი, ან 2007 წლის კონტრაქტის საფუძველზე, ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი. თავდაცვის უწყებაში არსებული სპეციალური კომისიის მიერ მოხდება საკითხის განხილვა. რაც შეეხება შესაძლო გამოსახლებას, ასეთი რამ არ განიხილება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.