მახინჯაურში რომანოვების ისტორიული სასახლე შესაძლოა, „ქართუ ჯგუფმა“ აღადგინოს
მახინჯაურში რომანოვების ისტორიული სასახლე, რომელიც მკვლევართა აზრით, რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ საკუთარ აღმზრდელს, გრაფინია ფესენკოს აუგო, შესაძლოა, „ქართუ ჯგუფმა” აღადგინოს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული უნიკალური სასახლე რამდენიმე წელია დანგრევის პირასაა. სასახლეზე „მოამბემ” რეპორტაჟი ექვსი წლის წინ მოამზადა, როცა შენობას ძეგლის სტატუსიც არ ჰქონდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შენობას 2013 წელს მიანიჭეს.
მას შემდეგ დღემდე სასახლის რეაბილიტაცია დღის წესრიგში არ დამდგარა, რადგან შენობის აღსადგენად ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონის გამოძებნა იყო საჭირო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ წელს პირველად გამოაცხადა ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციაზე, რისთვისაც 40 ათასი ლარი გამოყო.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს პროექტი, რომელშიც საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, სასახლემ თავდაპირველი იერსახე უნდა დაიბრუნოს, ასევე, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შენობის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა.
„ზაფხულამდე გვეცოდინება, რა თანხა იქნება საჭირო სასახლის რეაბილიტაციისთვის. წელს ბიუჯეტში რეაბილიტაციის თანხები გათვალისწინებული არ არის. არ გამოვრიცხავ თანხების გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში წლის ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირებისას დადგეს, თუმცა, შესაძლებელია, პროცესში „ქართუ ჯგუფი” ჩაერთოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით „ქართუ ჯგუფთან” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს”- განაცხადა ზაურ ახვლედიანმა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გრაფინია ფესენკოს აგარაკი ბავშვთა სახლს გადაეცა, 90-იან წლებში შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს. ამჟამად შენობა ცარიელია. ჯერჯერობით, უცნობია, რა დანიშნულება ექნება მას რეაბილიტაციის შემდეგ.