მახინჯაურში აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან 
მახინჯაურში აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან 

მახინჯაურში, აღსრულების ეროვნული ბიურო რუხაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან ასახლებს. პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. ადგილზე ოჯახის მხარდასაჭერად იპოთეკური სესხით დაზარალებული პირები მივიდნენ და სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

რუხაძეებმა რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლი ოჯახის მეგობარს იპოთეკური სესხის საგარანტიოდ გადასცეს, თუმცა მან სესხი არ გადაიხადა, რის გამოც, აღებული 15 ათასი დოლარი 60 ათასამდე გაიზარდა. იპოთეკარი სწორედ ამ თანხას ითხოვს.

სასამართლომ რუხაძეების მეგობარს თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა მას ეს თანხა არ გააჩნია. საცხოვრებელი ამ დროისთვის იპოთეკარის საკუთრებაშია და იგი შენობის გათავისუფლებას ითხოვს.

რუხაძეები სახლში არიან ჩაკეტილი. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მძიმედაა ავად.

იპოთეკური სესხით დაზარალებული პირები ითხოვენ, სახლი გაიყიდოს და თანხა ძველმა და ახალმა მესაკუთრეებმა გაინაწილონ. ამ დროისთვის, სამართალდამცველებს სახლში შესვლის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.